27 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
უბედური შემთხვევა მეტროსადგურში და პარალიზებული მოძრაობა - 73 წლის მამაკაცს მეტროს შემადგენლობა შეეჯახა

უბედური შემთხვევა თბილისის მეტროსადგურში. დღეს მთავარი ხაზი, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მატარებლების მოძრობა მეტროსადგურებს დიდუბე-გოცირიძეს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეწყდა. დღის პირველ საათზე მეტროს შემადგენლობა 73 წლის მამაკაცს შეეჯახა, რომელიც აკრძალულ ზონაში ლიანდაგზე გადაადგილდებოდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.  

ორი საათის განმავლობაში დიდუბე გოცირიძის დამაკავშირებელ ლიანდაგზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. გადაკეტილი იყო მეტროპოლიტენის ყველა შესასვლელი. „კურიერის“ ინფორმაციით, შეჯახების მომენტში, მეტროსადგურ დიდუბიდან მატარებელი რამდენიმე წამის გამოსული იყო, მას სრული სიჩქარე განვითარებული არ ჰქონდა, მემანქანემ ლიანდაგზე მოძრავი მოხუცი შეამჩნია, დაამუხრუჭა თუმცა, ხუთვაგოანიანი შემადგენლობის სრულად გაჩერება მაინც ვერ მოასწრო.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა 73 წლის მამაკაცი მატარებლის ლიანდაგთან, სადაც მატარებლების სამოძრაო სივრცე და ლიანდაგებამდე მისასვლელი გზა დაცულია და იქ უცხო პირებისთვის გადაადგილება აკრძალული.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის 3 ნაწილით, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები