26 აპრილი 2024,   23:05
ვრცლად
2 კგ. ნარკოტიკი - შსს-მ ბოლო ორ კვირის განმავლობაში 19 პირი დააკავა 

სამართალდამცველებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ორ კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

როგორც შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ბოლო ორ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი.

"პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, ე.წ. „ექსტაზი“, „მდმა“ და სხვა. ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი - აქედან - საქართველოს 14, სომხეთის 1, აზერბაიჯანის 1 და ირანის 3 მოქალაქე.

პოლიციამ ირანის 2 მოქალაქე თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავა. მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“. გარდა ამისა, ამოღებულია დაახლოებით, 2 000 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.

რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 702 მინის პატარა ფლაკონში მოთავსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი სითხე და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 171 ათას 250 ლარი.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"-განაცხადა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ 

დღის ამბები