22 ივლისი 2018,   00:44
ვრცლად
მრავლობითი დაზიანება, სისხლნაჟღენთები, მოტეხილობები  - არჩილ ტატუნაშვილის სხეულს წამების კვალი ეტყობა

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი ლოდინის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. იყო თუ არა არჩილ ტატუნაშვილი წამების მსხვერპლი, მთავარ შეკითხვას ახლა ქართულმა სასამართლო ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს.

„ემპათიის“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე, რომელიც ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ სამხილები საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ დანაშაულის კვალის წაშლის მცდელობის მიუხედავად, სხეულზე მაინც დარჩა. მრავლობითი დაზიანება, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები, მოტეხილობები - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ცხინვალის ციხეში მისი წამების უტყუარი მტკიცებულებაა.

წამების კვალი ქართველ ჯარისკაცს მთელ სხეულზე ეტყობა. დამატებითი დეტალების შესახებ ექსპერტებს საუბარი საბოლოო დასკვნის მიღებამდე არ სურთ, თუმცა წინასწარი დათვალიერებითაც ნათელია, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამების მსხვერპლია. გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი, ქართველი ჯარისკაცისთვის მიყენებული დაზიანებები, კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ოფიციალურად დადგინდება.

არჩილ ტატუნაშვილის გადასვენებას ოჯახის წევრების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო ჟურნალისტი ლაშა ბერულავაც, რომელიც ჰყვება, რომ ცხინვალის ციხეში მოკლული ჯარისკაცის სხეულზე წამების კვალი პირველად დედამ დაინახა.

ლაშა ბერულავამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს რამდენიმე ფოტოც გადაუღო. ჟურნალისტი ამბობს, რომ საეჭვო გარემოება, რაც სასტიკი დანაშაულის კვალის დაფარვის მცდელობაზე მიუთითებს არაერთია, მათ შორის სავარაუდო ქირურგიული ჩარევის კვალი თავის არეში, რომელიც ტატუნაშვილის ცხედარს ქუდის ქვეშ ეტყობა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, სოფელ წილკანში, გამთენიისას ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ გადაასვენეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები