17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ჩემი შვილი დააკავეს „რუსთავი 2-ის“ მოთხოვნით - მიხეილ კალანდიას მამა

ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი დაკავებულია. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ხმაურიანი გამოძიებიდან, თითქმის, წელიწადნახევრის შემდეგ, მიხეილ კალანდია სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ აიყვანეს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამტკიცებდა, რომ დათო სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის დასადასტურებლად ისინი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ. გასული წლის ზაფხულში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შემდეგ გარკვეული მტკიცებულებებიც მოიპოვეს, თუმცა დაკავების გადაწყვეტილება დანაშაულიდან, თითქმის, წელიწადნახევარში მიიღეს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო დროის ერთ-ერთ სასტიკ მკვლელობაში კალანდიას მონაწილეობის შესახებ ეჭვები მათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა გაუმყარა.

ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ის იმ დროს აიყვანეს, როცა მამასთან და ძმასთან ერთად სასამართლოში მიდიოდა.

კალანდიები ამტკიცებენ, რომ მიხეილ კალანდია გარკვეული პირების პოლიტიკურ ინტერესს ემსხვერპლა. ისინი ამბობენ, რომ სარალიძის მკვლელობაში ის უდანაშაულოა და ამის დამტკიცებას შეძლებენ.  

"ჩემი შვილი დააკავეს „რუსთავი 2-ის“ მოთხოვნით," - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ. 

მიხეილ კალანდიას დაკავება ზაზა სარალიძისთვის სამართლიანობის აღდგენაა. მოკლული დათო სარალიძის მამა დანაშაულის პირველივე დღეებიდან ამტკიცებდა, რომ მისი შვილისთვის 12 სასიკვდილო ჭრილობის მიყენებაში მიხეილ კალანდიაც მონაწილეობდა. დღეს ამბობს, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის დაკავება გამოძიების დასრულებას არ ნიშნავს. ის ისევ ამტკიცებს, რომ მკვლელობას სხვა ფიგურანტებიც ჰყავს და იბრძოლებს იქამდე, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება. გამოძიების გაგრძელების აუცილებლობაზე სარალიძის იურისტებიც მიუთითებენ.

 

დღის ამბები