02 მაისი 2024,   03:16
ვრცლად
უკიდურესი ცინიზმი და ფსკერი - "presa.ge"-ის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე, მის სასამართლო პროცესზე საუბრობს

წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული გიორგი კაპანაძის სასამართლო პროცესი ზუგდიდში დღეს განახლდება. გაგრძელდება მოწმეების დაკითხვა. საინფორმაციო პორტალ "presa.ge"-ის ხელმძღვანელი გუშინდელ პროცესს უკიდურეს ცინიზმად მოიხსენიებს. მისივე თქმით, პოლიციამ სასამართლო პროცესზე ადგილზე გადაღებული კადრები საგანგებოდ არ წარმოადგინა, რადგან ამით დასტურდებოდა რომ მოხდა მისი გატაცება და არა დაკავება. საქმე ეხება 19 მაისს მომხდარ ინცინდეტს. ბრალდების მხარის მტკიცებით, კაპანაძე პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანებსა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმებას უკანონოდ ცდილობდა.

"ის, რაც დღეს სასამართლო პროცესზე ვნახე, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან და გამომძიებლის მხრიდან, ეს იყო უკიდურესი ცინიზმი და ფსკერი. მე დავრწმუნდი იმაში, რა ცუდ დღეში ჰყავს ბატონ გახარიას პოლიციის თანამშრომლები. მე წამიყენეს 2 ბრალდება - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი არდამორჩილება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ჩემი დაკავების კადრები ნახა ბევრმა, არც ერთია იქ და არც მეორე. პოლიციელებმა თავიანთი გადაღებული კადრებიც დამალეს, ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომელი იღებს ჩემს დაკავებას უწყვეტად,"-აცხადებს გიორგი კაპანაძე.

შსს-ში კი უარყოფენ ბრალდებას რომ მათ არ წარუდგენიათ ვიდეომასალა და ამბობენ, რომ საქმეს დართული აქვს შესაბამისი კადრებიც. 

"შეიძლება კამერაში ყველაფერი არ გამოჩნდეს, იქიდან გამომდინარე თუ როგორი მიმართულებით იღებს ჟურნალისტი, აქედან გამომდინარე კონკრეტული მოწმეები არსებობენ, რომლებიც დაადასტურებენ მის ქცევას,"-აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.

დღის ამბები