
This is a modal window.
„ზაქარია ქუცნაშვილის დონეზე ჯოხის გადატეხვა არასერიოზულია, სასაცილოა,“ - ეს განცხადება, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.
ბერძენიშვილი ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და პარლამენტში მათ მისვლას ეხმაურება. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თბილისში ჩატარების ორგანიზატორი, "ქართული ოცნების" დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილია.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ დგება პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ირაკლი კობახიძისთვის ასამბლეის განრიგი ცნობილი იყო.
„პარლამენტის სპიკერი, ბატონი კობახიძე, თავად იყო ამ საკითხების სათავეებთან და რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგას. გახარია, რომელმაც საზღვარზე შემოუშვა ეს ხალხი, მთელი ხელისუფლების წარმომადგენლობასთან ერთად ატარებს, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას. ძალიან სასაცილო იყო, ღიმილის მომგვრელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უი, თურმე ცუდი ამბავი მომხდარა, არ ვიცოდიო, პროტოკოლის თანამშრომელს დააბრალა და მერე რიგში ჩადგნენ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე ერთს ამბობდნენ, მერე კილაძემაც კი თქვა, რა საშინელება არისო. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემადგენელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ძალიან სახიფათო კურსისა.
„მეორე შემადგენელი არის ის, რომ სულ უფრო და უფრო მართვა-გამგეობის სტილით, მედიაზე შეტევა, ადამიანის შეკრების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.... ძალიან წააგავს რუსულ მოდელს,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს. რამდენიმე წუთის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს. ისინი საქართველოს, სავარაუდოდ, ერთ საათში დატოვებენ.