
This is a modal window.
რუსი დეპუტატები თბილისში და მოსახლეობის პროტესტი - პრემიერი მამუკა ბახტაძე „კურიერის“ კითხვებს გაექცა. მამუკა ბახტაძე ქუთაისში იმყოფება, თუმცა მან კითხვებს არ უპასუხა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა არ გააკეთა კომენტარი საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატისთვის პარლამენტში ტრიბუნის დათმობის შესახებ.
დღეს პრემიერმა მომხდართან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც რუსი დეპუტატების ქმედებებს "უმძიმესი სანახავი" უწოდა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს. რამდენიმე წუთის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს. ისინი საქართველოს, სავარაუდოდ, ერთ საათში დატოვებენ.