ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 იწყება. ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. პირველ გამოცდას ახალგაზრდები ამჯერადაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. წელს 41-ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში მდებარეობს. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში.
საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელად გამოყოფილია დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ეროვნული გამოცდები 21 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
„დილის 8 საათზე დაიწყება რეგისტრაცია, შესაბამისად 8 საათზე ველოდებით აბიტურიენტებს, ვისაც პირველ სესიაზე აქვს გამოცდა. მე მინდა მივმართო აბიტურიენტებს, რომ არ დაიგვიანონ, გამოცდაზე, აუცილებლად თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი, რომელიც მათ თავიანთი პირადი გვერდიდან ამობეჭდეს,“-განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ.