ბესელიამ მმართველი გუნდის წევრები არასერიოზული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, მისი თქმით, "ოცნების" ზოგიერთმა წევრმა ისიც კი არ იცის, რომ პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიება მას ვერ დაკითხავს:
"ან კანონი წაიკითხონ, ან რაღაცა მაინც გაიაზრონ, როდესაც აბსოლუტურად უცოდინარ კომენტარებს აკეთებენ. ამის გამოძიება, რომ აბსოლუტური არასერიოზულობაა, ამას ვერც მესიჯბოქსი უშველის, რაც არ უნდა დამწკრივდნენ და ერთიანად აკეთონ განცხადებები, რომ მივიდეს პროკურატურაში და გააკეთოს განცხადება... სადაც მივედი და გავაკეთე განცხადება, 8 თვეზე მეტია ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელისგულზე იდო, ასე რომ თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას და არასერიოზულობას, კეთილი ინებოს და ყველა უწყებამ თავისი საქმე აკეთოს. პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა გააკეთოს იურისტი რომაა და თან ასეთი კომიტეტები რომ გაბარია, ჩახედო უნდა დეპუტატის ვალდებულებას და უფლებამოსილებას და ასეთი უვიცი, უპასუხისმგებლო განცხადებები ასეთი ყელმოღერებით არ უნდა აკეთო საჯაროდ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ოცნების" წევრები ეკა ბესელიას მოუწოდებენ, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს. თავად დეპუტატი აცხადებს, რომ ის პროკურატურის გამომძიებელს ორშაბათს გაესაუბრება, თუმცა ყველა დეტალს ვერ გაამჟღავნებს, რადგან ამით იმ ადამიანების უფლებები დაირღვევა, რომლებმაც მას ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ამ ინფორმაციის საგამოძიებო უწყებებისთვის მიწოდებას თავად ვერ ბედავენ.