18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
მამუკა ვასაძე თვლის, რომ ნიკა მელიას საქმეში ტექნიკური ხარვეზი იყო - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

უკვე 5 საათია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მეხუთე კანდიდატს, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს მამუკა ვასაძეს უსმენენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა, ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან  ურთიერთობა, პრობლემები სასამართლო სისტემაში - ეს ის მთავარი საკითხებია,  რის შესახებაც  დარბაზში კითხვები დაისვა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მამუკა ჩიქოვანმა კანდიდატს კითხვა ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით დაუსვა და დაინტერესდა, მისი აზრით, იყო თუ არა საქმეში ხარვეზები.

კითხვაზე მამუკა ვასაძემ უპასუხა, რომ ნიკა მელიას საქმეში ტექნიკური ხარვეზები იყო, თუმცა პასუხის უფრო მეტად დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

მამუკა ჩიქოვანმა ვასაძეს იმ გამოძიებული საქმეების შესახებ ჰკითხა, სადაც კანდიდატი უშუალოდ მონაწილეობდა და, მისი აზრით, გამოძიების შედეგად პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხი გაიზარდა.

„ეს არის ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც 4 სისხლის სამართლის საქმეა და ამათგან ორზე განაჩენიცაა დამდგარი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლის საქმე, ვაზაგაშვილის სისხლის სამართლის საქმე, რობაქიძის სისხლის სამართლის საქმე,“- უპასუხა მამუკა ვასაძემ მამუკა ჩიქოვანს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატები და არასამთავრობოების წარმომადგენლები უკვე გაესაუბრნენ თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძესა და მირანდა ერემაძეს.

დღის ამბები