სასამართლომ ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილი 1000-1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმროს დატოვებენ.
სასამართლო პროცესზე ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავდა. მას ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებოდათ. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს.
პროკურორის თქმით, სასამართლომ ბრალდების მიმართ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დამატებითი ღონისძიება გაითვალისწინა.
"სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, არ გაიზიარა ბრალდების ღონისძიების გირაოს ნაწილში და შეუფარდა 1 000 ლარი, თუმცა ასევე გაითვალისწინა სრულად ბრალდებულების მიმართ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დამატებითი ღონისძიება. დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება," - განაცხადა პროკურორმა ანა მეტრეველმა.
ნაირა ოტიაშვილის ადვოკატის განცხადებით, არ არსებობდა არანაირი დასაბუთებული ვარაუდი იმისათვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთი ღონისძიება გამოეყენებინათ. ალექსანდრე კობაიძის თქმით, ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში ადვოკატების უკანონოდ დაკავების ტენდენცია გრძელდება. უფლებადამცველი პროტესტის ქუჩაში გადატანაზეც საუბრობს და აქციების გამართვას აანონსებს.
"ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და ეს ბრძოლა იქნება როგორც აქ სასამართლოში ასე ვთქვათ სამართლებრივი, ასევე იქნება ეს ბრძოლა გარეთ, გარეთ ვგულისხმობ, რომ შესაძლებელია აქციები და სხვადასხვა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება და აღნიშნულს გავასაჩივრებთ," - აცხადებს ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.
შსს-მ ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავა, რაც დასმენას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.