"რუსთავი 2-ის" საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. პროკურატურის კითხვებს ამჯერად ჟურნალისტი ნოდარ მელაძე პასუხობს. მელაძე უკვე იმყოფება მთავარ საგამოძიებო უწყებაში. გამოკითხვაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და საქმე მედიაზე ზეწოლად შეაფასა.
"ბევრი წელი ვიყავი რეპორტიორი, ვმდგარვარ ფრონტის ხაზზეც, სამიზნეც ვყოფილვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ. არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია, იქ არ შემშინებია და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების, ვიღაცების ბულინგის, პოლიტიკოსების, რომლებიც მთავარი არხის ჟურნალისტებს აბულინგებენ და პარლამენტში თუ სხვა ლოკაციებზე დასდევენ და ხან რას ეძახიან და ხან რას ეძახიან, ამ ყველაფრით ჩანს მათი სახე. ჩვენ ამ ყველაფრისთვის რა თქმა უნდა, ვართ მზად, ამ ყველაფრის მიზანი არის, პირველი, ყველა კრიტიკული ტელევიზია, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ყველას მფლობელის წინააღმდეგ დაიწყეს რაღაც ე. წ. სამართლებრივი პროცედურები, კანონთან და სამართალთან ამას საერთო არაფერი არ აქვს, რაც ხდება "ტვ პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" შემთხვევაში. ამ ქვეყანაში იქნება კრიტიკული მედია, იმიტომ რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც გვაქვს გაცნობიერებული, იმისთვის, რომ ქვეყანა დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს, აუცილებელია კრიტიკული მედიის არსებობა, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და რაც უფრო მეტი ბრძოლა იქნება მათი მხრიდან, ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და გამოცდილებამ ეს ყველაფერი აჩვენა,"- განაცხადა ნოდარ მელაძემ.
გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებით ინტერესდება.
საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ტელეკომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ეხება. საუბარია ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვაზეც.
"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე 11:00 საათისთვის მივიდა.