25 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
ატენის სიონი მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ტურისტებს კარგავს

ერთი წელია ატენის სიონის სანახავად ტურისტები ფაქტობრივად ვეღარ ჩადიან. შიდა ქართლის მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც რეგიონის ტურისტულ ცენტრად ითვლება, ვიზიტორების გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ერთ-ერთმა კომპანიამ მერიის დაკვეთით გაზი და წყალი გაიყვანა, გზა კი გადათხრილი დატოვა.

გზებზე შექმნილი პრობლემა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. არ მუშაობს ტურისტული ინფრასტრუქტურა, არ არის კვების ობიექტები, სასტუმროები, მაღაზიები, არც დახლები, სადაც ტურისტულ ადგილებში მოსახლეობა სუვენირებით ვაჭრობით ირჩენს თავს. ამას ემატება გადაადგილების პრობლემაც. ატენი ადგილობრივ ცენტრს ფაქტობრივად მოწყვეტილია. 10 წუთიანი გზის გავლას მოსახლეობა ნახევარ საათს ანდომებს.

ირკვევა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ არც პირველადი დავალება შეასრულა და სოფელს გზასთან ერთად ახლა არც წყალი აქვს და არც გაზი. გორის მერი აცხადებს, რომ გზის ამ მონაკვეთის შეკეთებაზე საგზაო დეპარტამენტი მუშაობს და სავარაუდოდ, გზას 2020 წლისთვის დააგებენ.

სანამ მერია გზის შეკეთებას ელოდება, ტურისტული ცენტრი ვიზიტორებს კარგავს. განსხვავებულია ვითარება უფლისციხეში, რომელიც ატენისგან 4 კილომეტრშია. მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებელს ვეღარ იტევს. ავტოსადგომი ტურისტული კომპანიების ავტობუსებით გადავსებულია.

დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა რომელიმე მხარეს ან აუნაზღაურებენ თუ არა ზარალს მოსახლეობას? -  ადგილობრივების მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩება. მიუხედავად ამისა, ატენის ტურისტულ მარშრუტს ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონის განვითარების გეგმაში პრიორიტეტად ასახელებს.

დღის ამბები