პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. ამჯერად, მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთავში ჩავიდა.
მაჩალიკაშვილებმა ჯამში 100 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით თემირლანის მშობლებმა პარლამენტის წინ, ხელმოწერების შეგროვება 12ივნისს დაიწყეს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.