18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"შეიძლება თადუმაძეს არ აქვს დიპლომი, მაგრამ აქვს ივანიშვილის მიმართ ლოიალობა"- თინა ბოკუჩავა

საქართველოს მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დასვა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეს დავით მათიკაშვილს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება. 

"კომიტეტთან არსებობდა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოახდინა შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება. მე არანაირად ეჭვი არ მეპარება არცერთი კანდიდატის კვალიფიკაციაში. ერთი საკითხია მათი კვალიფიკაცია, მეორეა საკითხი, რამდენად შეესაბამება კონკრეტული კანდიდატი ამ ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

მთავარი პროკურორის დიპლომთან დაკავშირებულ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. 

დამოუკიდებელი დეპუტატისთვის, ეკა ბესელიასთვის წარმოუდგენელია, დიპლომის გარეშე როგორ იკავებდა შალვა თადუმაძე ჯერ ადვოკატის, ხოლო შემდეგ პროკურორის თანამდებობას. ბესელია აღნიშნავს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხვალ დანიშნულ გასაუბრებაზე თადუმაძეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავად მოუწევს.  

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა აცხადებს, შალვა თადუმაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მფარველობით სარგებლობს. 

"შეიძლება შალვა თადუმაძეს არ აქვს დიპლომი, მაგრამ მას აქვს მთავარი საბუთი, რაც ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია - ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლოიალობა. მხოლოდ და მხოლოდ ამ კრიტერიუმით არჩევს ბიძინა ივანიშვილი კადრებს. მთავარ პროკურორად დანიშნა მისი პირადი ადვოკატი იმიტომ, რომ იცის, ის ყოველთვის მოემსახურება მის პირად ინტერესებს. ძალიან მალე შესაძლებელია უდიპლომო თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედაც მოგვევლინოს,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც - დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები