"Project artbeat-ში" ხვალ მამუკა ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. საექსპოზიციო დარბაზში მხატვრის პირადი არქივი: ტექსტუალური პუბლიკაციები და ვიზუალური მასალა იქნება წარმოდგენილი.
"Project artbeat-ის" საექსპოზიციო დარბაზში, 1990 წლიდან დღემდე მამუკა ჯაფარიძის ყველა ნამუშევარია მოგროვილი: მხატვრის პირადი ჩანაწერები, 90-იანი წლების ამსახველი ვიზუალური და ტექსტუალური დოკუმენტაცია, პოსტერები, ფოტოები, ყველაფერი, რასაც მხატვარი საგულდაგულოდ აგროვებდა და აარქივებდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის რამდენიმე მიმართულება: ლინგვისტური ნამუშევრები, მითოლოგიური თემატიკა, კიჩურ ფორმაში თარგმნილი ვიზუალური გამოსახულება. "Project artbeat" მამუკა ჯაფარიძის წიგნზეც მუშაობს და პერსონალური გამოფენის შემდეგ მის პუბლიკაციას გეგმავს.
ექსპოზიცია მოიცავს მხატვრის მიერ შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც 92 წლის პროექტების ვიზუალური მასალაა, როცა მამუკა ჯაფარიძეს საკუთარი გალერეა "რამზეს მზერა" ჰქონდა და სხვა მხატვრებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო პროექტს ახორციელებდა. შემდეგ იყო ვენეციის ბიენალე, ატლანტაში მისი ფილმის ჩვენება და 2016 წელს ნიუ-იორკის "არტ ინ ჯენერალს-ში" გამოფენილი ჯაფარიძის ნამუშევრები.
მხატვრის პირადი სივრცე და ნამუშევრები არქივიდან ხვალ 6 საათიდან "Project artbeat-ის" დარბაზში გამომზეურდება. გამოფენა 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი