21 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
რეპორტაჟი ომიდან - "კურიერი" თურქეთ-სირიის საზღვარზე იმყოფება

"კურიერის" გადამღები ჯგუფი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, თურქეთ-სირიის საზღვარზე იმყოფება.
საზღვარზე აფეთქებების ხმა არ ცხრება, ინტენსიურ სროლას პერიოდულად შეტაკებებიც ემატება. ცენტრალურ ქუჩებში ჯავშანტექნიკა გადაადგილდება.

სირიელი ბავშვები ომმა იძულებული გახადა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ისინი სიკვდილს მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადაურჩნენ. ოჯახის უფროსი სახლზე დაცემული ჭურვის აფეთქების შედეგად დაშავდა, მაგრამ იმისთვის, რომ ბავშვები გადაერჩინა, იძულებული გახდა მანქანაზე დამჯდარიყო და ოჯახი თურქეთში გადმოეყვანა.

თურქული სამხედრო ტექნიკა დღეს სირიის მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა. თურქი სამხედროები ცდილობენ მოსაზღვრე ტერიტორია და დასახლებული პუნქტები, რომლებიც ქურთი მებრძოლებისგან რამდენიმე დღის წინ გაწმინდეს, მაქსიმალურად გაამაგრონ. თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციას უპრეცედენტო რაოდენობის მედიასაშუალებები აშუქებენ. თურქ ჟურნალისტებს შორის არიან დაჭრილებიც.

ქალაქ აქჩაკალეში, რომელიც სირიის საზღვარზე მდებარეობს, ჭურვები საცხოვრებელ სახლებს რამდენჯერმე დაეცა. ადგილობრივები საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ შედარებით მშვიდად გრძნობენ თავს, თუმცა მუდმივად აქვთ შიში, რომ სირიის მხრიდან არტილერიის ჭურვები და რაკეტები გამოფრინდება.

დაჭრილები სირიიდან პირდაპირ აქჩაკალის საავადმყოფოში მიჰყავთ, იმისათვის, რომ მათი ზუსტი რაოდენობა მედიისთვის ცნობილი არ გახდეს. კლინიკის პერიმეტრს თურქი სამხედროები აკონტროლებენ და შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებენ. ვინც მედიასთან სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე საუბარს არ გაურბიან, არიან სირიელი ლტოლვილები და ადგილობრივები, რომლებმაც ისინი შეიფარეს.

სანამ სირიის ტერიტორიაზე თურქი სამხედროები ქურთ მებრძოლებს ებრძვიან, ოფიციალური ანკარა ცდილობს მოსაზღვრე ქალაქში ომის კვალი წაშალოს. ომისგან დამალვას ცდილობენ სირიელი ბავშვებიც, რომლებიც საკუთარ სამშობლოში მიღებული სტრესის მერე ნებისმიერი სახის ტექნიკის დანახვაზე მშვიდობიან ქალაქშიც იმალებიან.

დღის ამბები