19 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
"სახელმწიფოსთვის არაფერი მიჩუქებია საკუთარი თავის გარდა"- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესდა, რას ფიქრობს კანდიდატი წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლოს თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. მიქაბერიძემ პასუხად განაცხადა, რომ იმ პერიოდში მას სასამართლოს სისტემასთან მხოლოდ ზოგადი შეხება ჰქონდა და საკითხის სიღრმისეულად შეფასება უჭირს. 

"ამ საკითხის შეფასება სიღრმისეულად მე, ბუნებრივია, გამიჭირდება, იმ პერიოდის განმავლობაში მე არ ვახორციელებდი სამოსამართლეო უფლებამოსილებას. სასამართლო სისტემაში ვმუშაობდი მდივნად, თანაშემწედ და ა.შ. მაგრამ შემხებლობა, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემი წვდომა შემოიფარგლებოდა მხოლოდ მოსამართლესთან ურთიერთობით.

ჩემი გადმოსახედით, მე რისი შემსწრეც ვარ, რაღაცა პრობლემა შიგნით სასამართლოში ფაქტობრივი თვალსაზრისით მე არ დამინახავს. არსებობს რაღაც გარკვეული კითხვები, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას უკავშირდება. შესაძლებელია, რომ გარკვეული პრობლემები არსებობდა, მაგრამ ამ პრობლემების იდენტიფიცირება და ამაზე საუბარი მიჭირს, იმიტომ რომ არ ვიცი,"- განაცხადა მიქაბერიძემ. 

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ კანდიდატს ჰკითხა, უჩუქებია თუ არა მას რამე სახელმწიფოსთვის ან მომავალში თუ აპირებს ჩუქებას. 

ლევან მიქაბერიძის თქმით, მას არაფერი უჩუქებია სახელმწიფოსთვის საკუთარი თავის გარდა. 

"ქონების სახით სახელმწიფოსთვის მე არაფერი არ მაქვს ნაჩუქარი, ამ ეტაპზე. მე არ გამოვრიცხავ, თუ ამის შესაძლებლობა, წინაპირობა, რაღაცა მოცემულობა იქნება, განვახორციელო, მაგრამ სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის მე საკუთარი თავი მაქვს ნაჩუქარი და საკუთარი სიცოცხლე მაქვს ნაჩუქარი, რომელსაც მე აღვასრულებ იმ დროს და იმ პირობებში, როცა ამის აუცილებლობა იქნება,"- განაცხადა მიქაბერიძემ. 

მიქაბერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-11 მსურველია იმ 20 კაციანი სიიდან, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა. ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები