18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
ჰაერის დაბინძურების სახიფათო მდგომარეობა რუსთავში - მოსახლეობა ქალაქში პირბადეებით გადაადგილდება

"გავიგუდეთ" - ამ სახელწოდების აქცია გამართეს ეკო-აქტვისტებმა რუსთავში. ორგანიზატორების თქმით, ქალაქში არსებული ინდუსტრიული გარემო ეკოლოგიას აბინძურებს, რაც რუსთავში სხვადასხვა დაავადებებს და სიკვდილიანობას იწვევს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სპეციალური დეტექტორების გამოთვლებით რუსთავში, ჰაერში არსებული სახიფათო ნაწილაკები დაშვებულ ნორმას 3.5-ჯერ აღემატება. ეკოლოგები ბიზნესმენებისგან საწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას ითხოვენ.

ქალაქ რუსთავში არსებული კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე ქუჩებში მოსახლეობა პირბადეებით გადაადგილდება. ამბობენ, რომ ეს ინდუსტრიული წარმოების წინააღმდეგ ერთგვარი პერფორმანსიც არის. რიგ შემთხვევებში ქუჩაში აირწინაღითაც გამოდიან და ამ გზით რუსთავში გარემოს დაბინძურებას აპროტესტებენ.

რუსთავში გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს დღეს ადგილობრივებმაც. ეკოლოგებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთობლივ აქციაზე ჰაერის დამაბინძურებელ საწარმოებს პრობლემის მოსაგვარებელი გეგმის წარმოსადგენად 5 დღიანი ვადა მისცეს. აქციაზე   კანონმდებლობის გამკაცრების პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

ადგილობრივებმა პროტესტის გამოხატვით ხელისუფლებას პრობლემის არსებობა შეახსენეს და არსებული მდგომარეობის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

რუსთაველების პროტესტს შეურთდა და გარემოს დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი გააპროტესტა დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა. ბექა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას არსებული მდგომარეობის შესწავლისკენ მოუწოდებს და საჭიროების შემთხვევაში საწარმოებისთვის სუფსიდირების გამოყოფასაც ემხრობა.

პრობლემის აქტუალობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც აღიარებენ, მაგრამ უწყებაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გამოსწორდეს რუსთავში მდგომარეობა.

დღის ამბები