არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათია" რუსეთისგან, გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას მეუღლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორ მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ისინი რუსეთის გენერალურ პროკურატურასა და სამხედრო პროკურატურას დაუკავშირდნენ და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი კვარაცხელიას შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს.
"ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში სამხედრო ბაზაზე გარდაცვალების თემაზე ჩვენ მივმართეთ რუსეთის მთავარ პროკურატურას, საიდანაც გადაიგზავნა ჩვენი მიმართვა რუსეთის სამხედრო პროკურატურაში. შემდგომში სამხედრო პროკურატურიდან მოვიდა წერილი, რომ აწარმოებენ მოკვლევას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების თაობაზე. შემდგომში გავაგზავნეთ კიდევ ერთი წერილი, სადაც ვითხოვთ, რომ ირაკლი კვარაცხელიას მეუღლე იქნას დაზარალებულად ცნობილი და ამჟამად ველოდებით რუსეთის სამხედრო პროკურატურიდან პასუხს," - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
"ემპათიას" იურისტ გიგა ლემონჯავას თქმით, ცენტრი ასევე საქართველოში არსებულ ძალოვან უწყებებსაც დაუკავშირდა.
"ჩვენ მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურსა და საქართველოს პროკურატურას, გამოევლინათ ნაბაკევის საოკუპაციო სამხედრო ბაზის მეთაურისა და შტაბის უფროსის ვინაობა და დაეწყოთ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა იწვევს ასე ხელაღებით ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ამის მთავარი მიზეზი არის ის დაუსჯელობის განცდა, რომელიც არსებობს რუსეთის საოკუპაციო ძალებში," - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
შეგახსენებთ, კვარაცხელია ოკუპირებულ გალის რაიონში მარტში გარდაიცვალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კვარაცხელია გალის რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მამაკაცმა ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს განაყოფში თავი მოიკლა.