18 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე: ეს ქვეყანა „ქართული ოცნების“ მმართველობის ღირსი არ არის

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა 2 დეკემბერს დაიწყება. საქმეზე, რომლის ფარგლებშიც თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრებას ედავებიან, დღეს მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა ეთქვათ, თუმცა პროცესი გადაიდო.

მიზეზი მოსამართლის ცვლილება გახდა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გიორგი არევაძემ გადაიბარა. როგორც არევაძემ აღნიშნა დღევანდელი სხდომის თარიღი მასთან შეთანხმებული არ იყო.

სხდომის გადადების მიუხედავად გაკეთდა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური შეფასებები. თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ანუ ფულის გათეთრებას ედავებიან.

საზოგადოებრივი მოძრაობა ”ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს -" მე მინდა მას ვუთხრა, ვერ შეგვაშინებს, ვერ გაგვაჩერებს და ვერ შეაჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურება. ეს ქვეყანა არ არის მათი მმართველობის ღირსი."

საზოგადოებრივი მოძრაობა ”ლელოს” დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „საქმე ეხება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოროსანი გენპროკურორის მიერ, რომელიც აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და სხვადასხვა ინსტიტუტებს“. 

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აღნიშნავს, რომ არავითარ ფულის გათეთრებას არ აქვს ადგილი და არც ჰქონია. მისი თქმით, ეს არის ძალიან მარტივი სამოქალაქო სამართლებლივი ურთიერთობა, რასაც სასესხო ურთიერთობა ჰქვია, რაც დაადასტურეს უცხოელმა მოწმეებმაც.

პროკურორი გიორგი მიქავა კი აღნიშნავს, რომ ეს არის დანაშაულებრივი გზებით მიღებული ქონება, რომელიც საბოლოო ჯამში ფულის გათეთრებამდე მივიდა. 

დღის ამბები