21 დეკემბერი 2024,   21:03
ვრცლად
70-მდე სხვადასხვა ინფექციით დაავადებულ და 5 ათასამდე შიდსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობის გარეშე დარჩენა ემუქრება

ინფექციურმა საავადმყოფომ შესაძლოა ფუნქციონირება ვეღარ შეძლოს. საფრთხეზე კლინიკის დირექტორი საუბრობს. მისი ინფორმაციით სახელმწიფოს მიერ 7 წლის წინ კომპანია "ავერსზე" გასხვისებულ ერთ-ერთ შენობას, რომელსაც კლინიკა ნარჩენებისთვის იყენებს, დემონტაჟი ემუქრება.

ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი "კურიერთან" საუბარში აღნიშნავს, რომ დაახლოებით 1 თვის წინ "ავერსის" კლინიკისგან ინფექციურმა საავადმყოფომ გაფრთხილება მიიღო, რომ შენობის დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო.

როგორც აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ "ავერსი" შენობის დემონტაჟს განახორციელებს, დაახლოებით 70-მდე სხვადასხვა ინფექციებით დაავადებული ადამიანისა და 5 ათასამდე შიდსით დაინფიცირებული პაციენტი შესაძლოა მკურნალობის გარეშე დარჩეს.

საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ  როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ასევე ინფექციურმა საავადმყოფომაც არა ერთხელ სცადა კომუნიკაცია "ავერსთან" სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა როგორც შოთა გოგიჩაიშვილი განმარტავს, "ავერსის" წარმომადგენლებს არც ერთ მათგანთან კომუნიკაცია არ სურდათ.

"დღეს დილიდან უკვე დაწყებულ იქნა იმ შენობის დემონტაჟი, რომელშიც განთავსებული არის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სამრეცხაო. უტილიზაციის ნარჩენების შემკრები პუნქტი, რომლებიც აუცილებლად საჭირო არის სანებართვო პირობებით, რათა ეს ინფექციური ნარჩენები ერთ ადგილას იქნეს თავმოყრილი. პრაქტიკულად ჩვენი ფუნქციონირების შეწყვეტის საშიშროების ტოლფასი არის," - განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ყვება, მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არა ერთი მცდელობისა, "ავერსის" კლინიკისგან კონტრაქტის გახანგრძლივება არ მომხდარა. გიორგი წოწკოლაური აცხადებს, რომ თუ "ავერსის" მხრიდან კონტრაქტის არ გაგრძელების მიზეზი, რომ იჯარას არ იხდიან, მინისტრის მოადგილე აღნიშნულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.

"ჩვენი არა ერთი მცდელობისა მათი მხრიდან არ მოხდა კონტრაქტის გახანგრძლივება, რაც მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ ეს 2 წლიანი პროცესი დაგვესრულებინა ნორმალურად, გადასულიყო ჩვენი ქვედანაყოფი იქ სამუშაოდ და ასევე მომხდარიყო იჯარის გადახდა. იმედი გვაქვს, რომ ისინი მიიღებენ ამ ჩვენ შეთავაზებას, მოხდება კონტრაქტის გაგრძელება და მოხდება იჯარის გადახდა, თუ არა კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ ის არის ახლა ამ წუთას ავერსის მხრიდან მიზეზი, რომ იჯარას ჩვენ არ ვუხდით, მე აქვე ვადასტურებ, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა," - აცხადებს გიორგი წოწკოლაური.

"კურიერი" იჯარის საკითხთან დაკავშირებით დღეს ასევე კომპანია "ავერსსაც" დაუკავშირდა სადაც საპირისპიროს ამტკიცებენ. "ავერსის" კლინიკამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აღნიშნული შენობა, რომლის დემონტაჟიც დღეს დაიწყო, ავარიულ მდგომარეობაშია და იქ მუშაობა პერსონალისთვის საფრთხის შემცველია.

რაც შეეხება იჯარის საკითხს, "ავერსის" კლინიკა ამბობს, რომ თავად მათ ჰქონდათ სურვილი კომუნიკაცია ჰქონოდათ როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე ინფექციურ საავადმყოფოსთანაც, თუმცა "ავერსის" კლინიკა ამტკიცებს, რომ მეორე მხარისგან დასტური ვერ მიიღეს.

დღის ამბები