07 სექტემბერი 2026,   23:56
ვრცლად
დაპირისპირების ახალი ტალღა ოპოზიციაში - მორიგი ურთიერთბრალდებები "ნაციონალების"  ყოფილ და მოქმედ სახეებს შორის

რას ვერ იყოფენ "ნაციონალები"? - კითხვა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს, მიმდინარე დაპირისპირების ფონზე უკვე რიტორიკულიც გახდა. ძველებს და ახლებს აღარც ის საქმეები აღელვებთ, რომელსაც თავის დროზე პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.

გვარამიასთვის სააკაშვილის პატიმრობა ინდულგენცია არ არის, სააკაშვილის პარტიისთვის კი, გვარამია ყოფილი პოლიტპატიმარი აღარ არის. ყოფილ იდეოლოგს დღეს უკვე ტელევიზიებისა და პარტიის მძარცველსაც უწოდებენ და არა მხოლოდ - გაყიდული, მოსყიდული. ანა წითლიძე "ახალის" ლიდერს ოპოზიციის დაშლის მცდელობებში საჯაროდ მორიგ ჯერზე ადანაშაულებს.

თავად გვარამიასთვის წითლიძე ბირჟაზე მჯდომი პოლიტიკოსის რანგს ვერ გასცდა, თენგო თევზაძისთვის კი მეზღაპრე ოპოზიციონერის. პარტია "ახალის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლიდერის მხილებას ამჯერად ბევრჯერ ნაცადი ტაქტიკით პასუხობს - თავდასხმა თავდაცვის ნაცვლად. ამბობს, რომ ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა, პირიქით, წითლიძის ამოცანაა, ისევე როგორც იაგო ხვიჩიასი. გამოთქვამს ვარაუდსაც, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მალე "გირჩთან" კოალიციას შექმნის.

"თენგო თევზაძე ვინ არის?" - წითლიძე ამას ეკითხება მედიას, იმ პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, რომელთან ერთადაც, "ნაციონალური მოძრაობა" ცოტა ხნის წინ, ერთ ალიანსში, ერთი მაგიდის გარშემო იჯდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფორმით ცდილობდა დღეს ანა წითლიძე, თავი აერიდებინა კითხვებისთვის, რაც გვარამიას მისამართით მის მწვავე განცხადებებს მოჰყვა.

წითლიძისგან განსხვავებით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "გირჩის" კოალიციის შექმნაზე კითხვას თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს.

სანამ სხვები თეორიულად თუ ირონიულად მსჯელობენ, თვითონ "გირჩი" სახელს იცვლის და "თავისუფალი ხალხის პარტიას" ირქმევს. მიზეზი, როგორც თავად ამბობენ, რეპუტაციული ზიანია, რომელიც მათთვის კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან კავშირზე მცდარ წარმოდგენებს მოაქვს.

ძველებიც და ახლებიც ე.წ. კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს მმართველი პარტიისთვის. "ქართულ ოცნებას" დიდი ხანია არ უკვირს ოპონენტების ერთმანეთთან დაპირისპირება, პარალელურად კი, ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობა.

ალიანსი დაშლილია. ე.წ. ოპოზიციურმა 9-იანმა რღვევა "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით დაიწყო, რომელსაც პრობლემები არათუ სხვებთან, არამედ პარტიის შიგნითაც აქვს. სააკაშვილის პარტიაში დაანონსებული რევოლუციური ცვლილებები თინა ბოკუჩავას წასვლით დაიწყო, რომელსაც შესაძლოა მისი მოადგილე, ლევან სანიკიძეც მიჰყვეს.

დღის ამბები