08 სექტემბერი 2026,   00:25
ვრცლად
დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ

დონალდ ტრამპი ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება. მომლაპარაკებლები რამდენიმე საათში შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ, რის შემდეგაც, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტრამპი ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაურეკავს.

შტატებს, უკრაინას და რუსეთს შორის მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატის აღდგენა სურს. ინიციატივის მთავარი მიზანი ომის დასრულება და სამშვიდობო პაკეტის შემუშავებაა. ვაშინგტონის განცხადებით, აუცილებელია ისეთი ჩარჩო-შეთანხმების გაფორმება, რომელიც მოსკოვს და კიევს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს.

კიევში ამერიკელი მომლაპარაკებლების ვიზიტისას გამართულ დისკუსიებს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შინაარსი მედიას ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააცნო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული საკითხები იყო. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი შესაძლოა ზამთარშიც გაგრძელდეს, ამიტომ, კიევს ამერიკისგან თხევად ბუნებრივი აირი, ხოლო ევროპელი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

კიევში ვაშინგტონის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი მოსკოვმაც გააკეთა. კრემლის პრესსპიკერმა სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობა არ გამორიცხა. დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრების თარიღზე და ადგილზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია.

დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად, რუსეთის ძალები უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობენ. დღეს დრონებისა და რაკეტების სამიზნე ზაპოროჟიე, სლავიანსკი და ხერსონი გახდა. არის მსხვერპლი. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო და სამძებრო ოპერაციები.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები