18 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
რეზიდენტურის გამოცდის გადასახადის საფასური განახევრდა - სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია პერფორმანსს აანონსებენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს 17:00 საათზე აქცია-პერფორმანსს აანონსებენ. ისინი უკან დახევას მანამ არ აპირებენ, სანამ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სათანადო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

თსსუ-ს სტუდენტები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. მთავარი თემა ის ცვლილებებია, რომელიც რეზიდენტებს ახალი რეფორმის შემდეგ შეეხებათ. საუბარია თანხებზე, რომლის გადახდაც, სავარაუდოდ, სტუდენტებს გამოცდის ჩაბარებისთვის მოუწევთ. 

შეხვედრა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

შედეგი არის შემდეგი: სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, რეზიდენტურის გამოცდის გადასახადის საფასური განახევრდა. თუმცა ამ გადაწყვეტილებით კურსდამთავრებულები კმაყოფილები არ არიან და ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ თქვეს, რომ ისინი შეურაცხყოფილები არიან არა თანხის ოდენობის გამო, არამედ მთავრობის დამოკიდებულების გამო.

სამედიცინოს სტუდენტები ამბობენ, რომ შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს თითქმის არაფერი უთქვამს და მათი თქმით პოლემიკაში უნივერსიტეტის რექტორი შემოვიდა.

"ეს შეხვედრა თავიდან ბოლომდე იყო თვალებში ნაცრის შეყრა. ის უპატივცემულობა, რაც თავიდანვე გამოიჩინეს ამ უაზრო კანონის დადგენილების მიღებით. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ 80 ლარს დაგვიწესებდნენ თუ 5 ლარს. ეს არის უპატივცემულობა, როცა გამოცდამდე 1 კვირით ადრე ვიგებ მე ამ ყველაფერს," - აღნიშნა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა.

გადაწყვეტილება, რომ რეზიდენტურის გამოცდების საფასური განახევრდეს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა და სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ერთობლივად მიიღო. სწორედ ისინი გადაიხდიან ნახევარ საფასურს ყველა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის. მათთვის გაუგებარია, რატომ არიან სტუდენტები აღნიშნული გადაწყვეტილები უკმაყოფილონი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ თუ კი სტუდენტებს განახევრებული თანხის გადახდასაც ვერ შეძლებენ, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი თავის თავზე აიღებს დარჩენილი თანხის გადახდის საკითხსაც.

"თვალებში ნაცარი არ შეგვიყრია ნამდვილად. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომ თუ იმ თანხის გადახდასაც ვერ შეძლებენ, ჩვენ ავიღებთ იმ დანარჩენსაც. ჩვენც ვიზიარებთ, რომ 10 დღით ადრე ეს მათ არ უნდა გაეგოთ, ამას იზიარებს ჯანდაცვის სამინისტროც, პირადად მინისტრიც. ჩვენი საუბარი შედგა გვიან ღამით და ჩვენ ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გამოცდის საფასურის განახევრების გადაწყვეტილება გვიან ღამით იყო მიღებული და აღნიშნული ინფორმაცია შეხვედრაზეც გაჟღერდა.

"ეს გადაწყვეტილება იქნა გუშინ გვიან ღამით მიღებული, რომელიც იყო შეთანხმებული და ეს ინფორმაცია ჩვენ გავახმაურეთ. დანარჩენზე ვერაფერს ვერ გეტყვით," - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

დღის ამბები