ახალი მთავარი პროკურორის შერჩევა იწყება. საპროკურორო საბჭო კონსულტაციებს ერთი თვის განმავლობაში აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აღნიშნავს, რომ გენერალური პროკურორის ასარჩევი კრიტერიუმები კანონით გაწერილია. მისი თქმით, ახალი პროკურორი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის.
"გენერალური პროკურორის არჩევის კრიტერიუმები გაწერილია კანონით, პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც პრინციპში გარკვეული მონიტორინგის ქვეშაა პარლამენტის მხრიდან. ახალი გენერალური პროკურორი უნდა იყოს დამოუკიდებელი თავი საქმიანობაში და ასევე მაღალი დონის იურისტი," - განაცხადა დავით ასათიანმა.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უვადო მოსამართლედ აირჩიეს.