18 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "მწვანე სკოლის" თანამშრომლებიც დაკითხა

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მთელი დღეა, გამოკითხვები მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე დაკითხა "მწვანე სკოლის" დირექტორის მოადგილე, დაცვის სამსახურის თანამშრომელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

დაცვის სამსახურის თანამშრომელი, უჩა მჭედლიშვილი დარწმუნებულია, რომ "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე არავითარი ძალადობის თუ იძულების ფაქტი არ მომხდარა. ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახა, რაც პირის იდენტიფიცირება ვერ მოხდა. 

"მწვანე სკოლის" დირექტორის მოადგილე მანანა ქაჯაიამ ის დღე გაიხსენა, როდესაც სკოლაში მისულ ბავშვებსა და სკოლის თანამშრომლებს კედლებზე წარწერები დახვდათ. მანანა ქაჯაიას თქმით, გაჩნდა გარკვეული შიში, რადგან სკოლის ადმინისტრაცია ვერ მიხვდა ამ ფაქტის უკან ვინ შეიძლებოდა მდგარიყო.

"მივიდნენ სკოლაში ბავშვები და თანამშრომლები და დახვდათ საშინელი სურათი, რომელმაც ძალიან დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა და გარკვეული ტიპის შიში, იმიტომ, რომ ვერ მივხვდით, რაში იყო საქმე, რა მესიჯები იყო ეს და არ ვიცოდით იმ წარწერების გარდა კიდევ რამე იყო თუ არა სკოლაში,"- განაცხადა მანანა ქაჯაიამ.

ამ ეტაპზე, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით ან შანტაჟით პირის იძულებას, რომ ჩვენება მისცეს.

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დღეს მხოლოდ 3 პირი გამოკითხა. არ არის გამორიცხული, აღნიშნულ საქმეზე გამოკითხულთა რიცხვი გაიზარდოს. 

დღის ამბები