26 აპრილი 2024,   07:48
ვრცლად
რა უძღვოდა ცოტნე გამსახურდიას დაჭრას წინ - მკვლელობის მცდელობაზე დაკავებული პირი ალაპარაკდა

საჯაროდ დარღვეული დუმილი და დაპირისპირების პროვოცირებაში დადანაშაულებული უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია - განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებული გიორგი სოლოღაშვილი სასამართლო პროცესზე ვერის სასაფლაოსა და გალის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ალაპარაკდა. პირი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, გამსახურდიას მძიმე ჭრილობები ჯგუფურად მიაყენა, მიატოვა და ადგილიდან მიიმალა, აცხადებს, რომ მას პირველი პრეზიდენტის შვილმა რამდენჯერმე დაარტყა.

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრას წინ რომ სუფრაზე მომხდარი დაპირისპირება უძღვოდა, ამას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი რომან ნადირაძე ადასტურებს.

ტატო ღარიბაშვილის ინტერესების დამცველი დაპირისპირების მიზეზებს არ ასახელებს და საქმის მასალების ბოლომდე გაცნობას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით კი, გამოძიება ჩხუბის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ღვინის ხარისხის თემას განიხილავს. ვერსიის მიხედვით, რომელზეც ჩვენებაში ერთ-ერთი დაკავებული საუბრობს, წერია, რომ დაპირისპირება ცოტნე გამსახურდიასა და 5 პირს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზარალებულმა სუფრის წევრებს საკუთარი ალკოჰოლური სასმელი მიუტანა, რომელმაც იქ შეკრებილებში მოწონება ვერ დაიმსახურა და ცოტნე გამსახურდია გაანაწყენა. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ სიტყვიერი კამათი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულის ადვოკატს დღეს სასამართლო პროცესზე, აღმკვეთ ღონისძიებაზე შუამდგომლობა არ დაუყენებია.

ჩხუბის დაწყების სავარაუდო მიზეზის გარდა, ერთ-ერთი მოწმე ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზეც საუბრობს. სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, დაჭრამდე, ცოტნე გამსახურდიამ, მონაწილე პირს ჯოხი მოუქნია, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

არცერთ გავრცელებულ ვერსიაზე არ საუბრობს ამ ეტაპზე დაზარალებული გამსახურდიას ინტერესების დამცველი ამირან გიგუაშვილი. ადვოკატი ნეიტრალური მოწმეების ჩვენებს და საქმის მასალების ბოლომდე გაცნობას ელოდება, რომელშიც სავარაუდოდ ვიდეო-მტკიცებულებაც დევს.

დაკავებულების ადვოკატების მხრიდან საგანგებოდ გავრცელებულ ვერსიებზე საუბრობენ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ მომხდარი წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი.

გალის ქუჩაზე, იქ სადაც პირველი პრეზიდენტის შვილი მძიმედ დაჭრეს, შემთხვევის დეტალებზე საუბარი და კამერებთან გამოჩენა არ სურთ. თუმცა დარწმუნებულები არიან რომ ცოტნე გამსახურდიას ფიზიკური შესაძლებლობების გამო, მძიმე ჭრილობებს მხოლოდ ერთი ან ორი პირი ვერ მიაყენებდა. ყველა მათგანი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბრიდან, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით, მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური.  რაც შეეხება დაკავებულებს, დღეს ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

 

დღის ამბები