სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისადმი გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ იმატა. დაწესებულება მოსახლეობას სთხოვს, გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომებისას მიმართონ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება.
"გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით,"- ნათქვამია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებაში.
მოსახლეობას მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილმაც.
"მინდა ვურჩიო მოსახლეობას და თხოვნით მივმართო, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენისას მიმართონ ამბულატორიულ დაწესებულებებს ან ოჯახის ექიმებს, რათა მოხდეს მკურნალობის სწორი დაგეგმვა, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და სწორი სტრატეგიით მკურნალობა, რადგან სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბინაზე ემსახურება მოსახლეობას, მაგრამ ეს არის მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. ვირუსულ დაავადებებს, ზოგადად, სჭირდება კომპლექსური მიდგომა, სრული ანალიზებისა და შესაბამისი დანიშნულებით სწორი მკურნალობის ჩატარება,"- განაცხადა სოლომონ როსტომაშვილმა.