ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსხვილ ტელეკომპანიებთან ძველი დავალიანების გადახდის გრაფიკზე შეთანხმების მიღწევას არ ადასტურებს.
მაჭავარიანის თქმით, ტელეკომპანიებზე ინკასოს დადება იმისთვის გადაწყდა, რომ მათ ახალი ვალი აღარ დააგროვონ.
"ვთხოვდით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გადახდას "რუსთავი 2-ს", "იმედს" და "მაესტროს". ისინი გრძელ პერიოდს ითხოვდნენ, ჩვენ მოკლე პერიოდს. ჩვენ ვთქვით, რომ 1-ლი ოქტომბრიდან ყველამ, ძველმა, ახალმა, ვალი ვისაც ჰქონდა, ვისაც არა, დავიწყოთ გადახდა, რომ იგივე სიმახინჯე არ გავაგრძელოთ. მეც ვაღიარებ, რომ არასწორი იყო, მაგრამ იმიტომ, რომ ის არასწორი იყო, გავაგრძელოთ?! "ტვ პირველმა" კიდევ დააგროვოს ვალი, "რუსთავი 2-მა" კიდევ დააგროვოს?! იმიტომ გაიწელა ამდენ ხანს ეს პროცესი, რომ მათ შემოთავაზებებს ჩვენ არ ვეთანხმებით, ჯერ-ჯერობით. თანხმობა მიღწეული არ არის,"-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროში ტელეკომპანია "კავკასიის" და ტელეკომპანია "პირველის" ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. ტელეკომპანია "პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია, რომელმაც მოლაპარაკება პროტესტის ნიშნად დატოვა, აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ჩააყენა კომპანიები უსამართლო და არათანაბარ პირობებში. ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება 10 წლიან გრაფიკზე ელაპარაკება იმ ტელეკომპანიებს, რომლებსაც 55 მილიონიანი დავალიანება აქვთ, მაშინ როდესაც სხვა ტელევიზიებს მიმდინარე გადასახადის გამო ინკასოს ადებს, რაც მისი განცხადებით, უსამართლობაა. უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" მენეჯმენტი.
ფინანსთა სამინისტრომ 3 ტელეკომპანიას: "რუსთავი 2-ს", "კავკასიას" და ტელეკომპანია "პირველს" ინკასო 25 დეკემბერს დაადო.
ამავე თემაზე : უახლოეს პერიოდში გადავიხდით მიმდინარე გადასახადს და გავთავისუფლდებით ინკასოსგან - პაატა სალია
ავტორი: ქეთი ზანთარაია