ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტის გამოუყენებლობაზე, იქამდე ვიდრე მას სარგებლობის ვადა არ გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, რომელმაც ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ პროგრამა ჩავარდა და ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფომ არასწორი მენეჯმენტის გამო დაავადებული ადამიანების პროგრამაში ჩართვა ვერ უზრუნველყო.
"დანაშაულის ტოლფასია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ათასობით ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული, სჭირდება მკურნალობა და ამ დროს ჯანდაცვის სამინისტროს უთავბოლობით და გაუმართავი მენეჯმენტის გამო 500 მილიონი ლარის საბაზრო ღირებულების მედიკამენტი, რომელიც საჭიროა C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გახდა უვარგისი. 2 ძირითადი ფაქტორია, რატომაც პროგრამა ჩავარდა. როდესაც პროგრამა დაიწყო 2015 წელს, ის ფარავდა მედიკამენტის ფასს, მაგრამ მედიკამენტამდე, რომ მისულიყო პაციენტი, მას დიაგნოსტიკაზე თავად უნდა გადაეხადა ფული. მეორე ფაქტორი, რის გამოც პროგრამა ჩავარდა არის ის, რომ თავი ვერ მოაბეს იმას, რომ ეს პროცესი, დიაგნოსტიკა ყოფილიყო ავტომატური,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არასწორი მენეჯმენტის გამო აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ათვისებაც ვერ ხერხდება.
"ვხედავთ, რომ ეს პროგრამა დამთავრდა კრახით. არამარტო ვერ ხვდება ამ გიგანტური ოდენობის დახმარების ათვისება, არამედ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისება ვერ ხდება და უკან ბრუნდება შემდეგ ბიუჯეტში, იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ დაავადებული ადამიანების ჩართვას. ეს არის შეჯამება ამ ხელისუფლების ეფექტიანობისა. თავმოუბმელობის გამო, ქვეყანამ დაკარგა ამ უმძიმესი დაავადებიდან ქვეყნის განკურნების შანსი,"-განაცხადა რომან გოცირიძემ