18 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
ვთხოვდით ბატონ სერგეენკოს მოეხსნა პროგრამაში ჩართვის ბარიერები, მაგრამ არ მოხსნა - დარგის სპეციალისტები

დაეხმარება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ეტაპზე - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. 

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ვადაგასული პრეპარატები შედეგია იმის, რომ პაციენტებს С ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად დიაგნოსტიკის საკუთარი სახსრებით დაფინანსება უწევდათ.

"ეს მილიარდობით დოლარის ღირებულების წამლები ჩვენ ფაქტობრივად მოგვცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ქართული მხარის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთადერთი მოვალეობა იყო ამ არსებული პაციენტების მოძიება და პროგრამაში ჩართვა, რაც ვერ განხორციელდა და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ერთი ის, რომ ყოფილმა მინისტრმა ბატონმა სერგეენკომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, სპეციალისტები ვეუბნებოდით, რომ პროგრამაში ჩართვის ბარიერები მოეხსნა, არ მოხსნა. ეს ბარიერები იყო დიაგნოსტიკის თანხები. ანუ, ადამიანი რომ ჩართულიყო, გარკვეული დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა გაევლო და თავიდან ეს იყო ძალიან მაღალი თანხა, 700 ლარამდე ადიოდა. ეს ძალიან დიდი თანხაა, მითუმეტეს, მოწყვლადი მოსახლეობისთვის და, შესაბამისად, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა და ბევრი არ ჩაერთო ამ ბარიერის გამო,"- განაცხადა სერგო ჩიხლაძე. 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მედიკამენტების ვადაგასულობის ერთ-ერთ მიზეზად ინერტულ პაციენტებს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, მკურნალობის დაწყებას აყოვნებენ. 

"ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ეს მოხდა, არის ის, რომ სამწუხაროდ, არის ინერტული პაციენტების ჯგუფი, 25 ათასამდე ადამიანია ისეთი, ვინც თავისი დიაგნოზი იცის, მაგრამ ფეხს ითრევს მკურნალობაში ჩართვაზე. შესაბამისად, ამ პაციენტებისთვის ეს მედიკამენტები იდო მარაგის სახით. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ალბათ, რომ უკეთესად მოხდეს მენეჯმენტი, მაგალითად, სხვა ქვეყნებს გადაეცეს, სადაც ამის აბსოლუტური აუცილებლობაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, 2000 პაციენტის ვადაგასული წამალი ნიშნავს იმას, რომ ეს წამლები ელოდებოდა შესაბამის პაციენტებს, რომლებიც არასდროს არ მივიდნენ მკურნალობის დასაწყებად,"- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, რომელმაც ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება. 

დასკვნის მიხედვით, 2016 წლის თებერვლიდან სამკურნალო პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − "ჰარვონი", რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარება.

დღის ამბები