26 აპრილი 2024,   22:43
ვრცლად
როცა პროგრამას პირველად აკეთებ, შეცდომები იქნება - აკაკი ზოიძე С ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტებზე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აბსურდულს უწოდებს იმ ბრალდებას, თითქოს С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები შავ ბაზარზე იყიდებოდა. ზოიძის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორუფციის ნიშნები კარგად გამოიკვლია და საქართველოს С ჰეპატიტის პროგრამა მხოლოდ ამის შემდეგ გაუგრძელა.

"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა საქართველოში და ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით. ახლა ამ საქმის პოლიტიზირება და ძალიან დილეტანტური, არაკომპეტენტური განცხადებები, რომ თურმე ამ ნახევარ მილიარდად რამე ხიდებს ავაშენებდით. როცა პროგრამას პირველად აკეთებ, შეცდომები აუცილებლად იქნება, რადგან პიონერული პროგრამაა, პირველად ვაკეთებთ მთელი მსოფლიო ამას ერთად.

 სუს-მა ჩაატარა საკმაოდ ღრმა გამოკვლევა, იქ საუბარი იყო მეზობელ ქვეყნებში ხომ არ იყიდებოდა, სადმე ხომ არ გადიოდა, იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დათანხმდნენ იმაზე, რომ ეს პროგრამა გაგრძელდებოდა. თუ არ მოხდებოდა ამ მედიკამენტების სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე გაყიდვა, გადაცემა ადა ა.შ. ან კიდევ რაღაც კორუფცია და არამიზნობრივი მოქმედება. მსგავსი არცერთი ფაქტი არათუ ჩვენ სუს-ს, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების საგამოძიებო ორგანოებს არ აღმოუჩენიათ,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, რომელმაც ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება. 

დასკვნის მიხედვით, 2016 წლის თებერვლიდან სამკურნალო პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − "ჰარვონი", რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარება.

დღის ამბები