პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. უმაღლესმა სასამართლო ორგანომ კითხვები იუსტიციის სამინისტროს უკვე გამოუგზავნა და საქართველოს ხელისუფლებას პასუხებისა და მტკიცებულებების გადასაგზავნად დრო 31 მარტამდე აქვთ.
სტრასბურგში უნდა დაადგინონ, დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე, მესამე და მეცამეტე მუხლები, რომელიც სიცოცხლის უფლების ჩამორთმევას, ხელისუფლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას და შიდა დაცვის მექანიზმის ჩამორთმევას გულისხმობს.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია ყველა პროცესუალური დამოუკიდებლობა, როდესაც საქმის გამოძიება თავად დაიწყო.
შესაბამისად, მათი განცხადებით, არ არის გამორიცხული, თვე-ნახევრის განმავლობაში გაყალბებული იყოს ჩვენებები, რომლებიც მტკიცებულებების გაყალბებასაც გამოიწვევდა.
"სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა კითხვები, თუ რატომ ჩამოართვა სიცოცხლის უფლება თემირლან მაჩალიკაშვილს, რა წინაპირობები უძღოდა წინ სპეცოპერაციას და რა იყო ის გარემოებები, რომელიც აუცილებელს ხდიდა ამ არაპროფესიონალურად ჩატარებულ სპეცოპერაციას. ასევე, რატომ არ უზრუნველყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებით თემირლან მაჩალიკაშვილი. ამ ყველა კითხვაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება გასცეს პასუხები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც ოჯახი და მისი უფლებადამცველი საქმის მასალებს ვერ ეცნობიან.