26 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
დაპირისპირება აჭარის ტელევიზიაში - უთანხმოების მიზეზი ამჯერად ის გეგმაა, რომლის განხორციელებასაც ახალი მენეჯმენტი აპირებს

აჭარის ტელევიზიაში ისევ დაპირისპირებაა. უთანხმოების მიზეზი ამჯერად ის გეგმაა, რომლის განხორციელებასაც ახალი მენეჯმენტი აპირებს. იცვლება სტრუქტურა, რაც ვებგვერდის ფუნქციის ნაწილობრივ გაუქმებას, რადიოსა და ახალი ამბების სამსახურის გაერთიანებას და რამდენიმე მაკონტროლებელი რგოლის დამატებას ითვალისწინებს. თანამშრომლების და საბჭოს წევრების ნაწილი თვლის, რომ ინიციატივა მაუწყებლისთვის დამაზიანებელია.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმაში ახალი ამბების რედაქციის ადგილი ვერ გაარკვია. მაია მერკვილაძე მენეჯმენტის მხრიდან მისი კითხვების უპასუხოდ დატოვებას არასერიოზულს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ცვლილებები კონკრეტული ადამიანების მიმართ ანგარიშსწორებაა.

მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, სტრუქტურული რეორგანიზაცია ვებგვერდის, რადიოსა და ახალი ამბების სამსახურის გაერთიანებასა და რამდენიმე მმართველი რგოლის დამატებას ითვალისწინებს. მერკვილაძის განმარტებითვე, ამით მენეჯმენტს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შეზღუდვა სურს.

დამოუკიდებლობის შეზღუდვის სურვილს ხედავს ახალ დებულებაში მაუწყებლის ვებგვერდის რედაქტორიც. სოფო ჟღენტის თქმით, ცვლილებები ვებგვერდს პრაქტიკულად აუქმებს და მხოლოდ არქივის ფუნქციას უტოვებს.

დებულება აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოშიც. საბჭოს წევრთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ნაწილის შემცირებას და არა ტელევიზიის განვითარებას. საპირისპიროს ამტკიცებს საბჭოს წევრების სხვა ნაწილი. სოსო სტურუას თქმით, ახალი დებულება 4 წლის წინ დაწყებული პროცესის ლოგიკური გაგრძელება და ტელევიზიის განვითარების გარანტიაა. 

რას გულისხმობს და რა მიზანს ემსახურება ახალი დებულება? ამ კითხვით "კურიერმა" საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელს მიმართა. გიორგი კოხრეიძემ საკითზე არც სატელევიზიო და არც სატელეფონო კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რაც იმით ახსნა, რომ დოკუმენტი ჯერ განხილვის ეტაპზეა. თუმცა, ჩვენთან საუბარში ოპონენტების ყველა ბრალდება და არგუმენტი უარყო.

ცვლილებები მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს უკვე გააცნეს. ეს ის პროექტია, რომელიც საბჭომ 25 დეკემბერს განიხილა და ჩააგდო. 

დაამტკიცებენ თუ არა ახალ დებულებას - პროცედურულად დოკუმენტის მიღებას აჭარაში 4 ხმა სჭირდება. შემდეგ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უნდა დაამტკიცოს. მრჩეველთა საბჭოს სხდომა 15 იანვარსაა ჩანიშნული.

დღის ამბები