ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს დილით ადმინისტრაციული შენობა ხის ბარიკადებით შემოსაზღვრული დახვდა, შენობის მეორე სართულზე კი რკინის გისოსი. მიზეზი ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად ინფექციური საავადმყოფოს მედიკოსებს დღეს კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობის დატოვება მოსთხოვეს, მიზეზად კი ავარიული სახურავის შეკეთება დაასახელეს, რასაც ექიმების პროტესტი მოჰყვა. სამედიცინო პერსონალი გონივრულ ვადებს ითხოვს და ჯანდაცვის სამინიტროს მიმართავს, რომ მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
ჯანდაცვის სამინიტროს შუამავლის როლის შესრულებისკენ მოუწოდებს "ავერსი ფარმას" ხელმძღვანელობაც. თუმცა, კომპანიას თავისი პირობები აქვს. "ავერსი ფარმას" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ფურცელაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები მეორე მხარესთან იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ინფექციური საავადმყოფოს 8 შენობიდან, რომელიც "ავერსს" ეკუთვნის, ერთ - ერთს უკვე ოფიციალურად დაუთმობენ.
ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვიდრე გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება, ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი მუშაობას ჩვეულად გააგრძელებს და არც პაციენტების მკურნალობა შეჩერდება.
ექიმები გადაწყვეტილებას მოკლე ვადებში ელოდებიან. ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის გარდა შენობის პრობლემისა, არსებული პირობებიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის გაუარესებაზეც საუბრობენ. "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ექიმებმა ის ტერიტორია აჩვენეს, სადაც მათი ინფორმაციით ფარმაცევტულმა კომპანიას ლაბორატორიის ფანჯრებთან გენერატორი დაამონტაჟა და მათი თქმით, კანცეროგენური ნივთიერება პირდაპირ ოთახში შედის.
"ავერსი ფარმამ" ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია აუქციონზე 2009 წლის 25 დეკემბერს შეიძინა. კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ 2 წლის განმავლობაში არსებულ ტერიტორიაზე საავადმყოფოს მუშაობა გაეგრძელებინა, 2012 წელს კი კომპანიის საკუთრებაში გადასულიყო. ამ პერიოდიდან დღემდე იჯარის თანხას კომპანიას სახელმწიფო უხდის. რა ბედი ელის საავადმყოფოს მედპერსონალს, სად გააგრძელებენ ექიმები პროფესიულ საქმიანობას, ეს მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა.