საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკური დაზიანებები მიიღო, გამოკითხვაზე იმყოფება. ხაბეიშვილის თქმით, მას სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა სურს რომ ეს საქმე საგამოძიებო ორგანოში აღირიცხოს, რათა ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ადამიანებმა პასუხი აგონ:
"ნორმალურ სახელმწიფოში ეს არ მოხდებოდა, ნორმალურ სახელმწიფოში ის დეპუტატები, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ, ოპოზიციონერ დეპუტატს საკრებულოს სხდომათა დარბაზში პოლიტიკური განცხადების გამო ფიზიკურად არ გაუსწორდებოდნენ. ეს არ ხდება ნორმალურ ქვეყნებში, ეს ხდება არასამართლებრივ, კრიმინალურ ქვეყნებში სადაც ბანდების მეთაურები არიან. მაგალითად საკრებულოს და მერიის ბანდის მეთაური კალაძეა, ქვეყნის ბანდის მეთაური ბიძინა ივანიშვილია, შესაბამისად ახლა, რომ გითხრათ რომ კრიმინალური ხელისუფლების პირობებში რაიმე გამოძიების იმედი მაქვს, რა თქმა უნდა მოგატყუებთ, თუმცა იდოს თაროზე, მოვა დრო, მტვერი გადაიწმინდება და ამ ადამიანებს კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისმგებლობა,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ადვოკატის თქმით, სახეზეა ჯგუფური ძალადობა და სწორედ ამ მუხლით უნდა წარედგინოს ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე პირებს ბრალი.