18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ვაკის პარკში რესტორან "ბუდაპეშტის" აღდგენა სასტუმროს აშენების ნაცვლად - ინვესტორის შეთავაზება მერიას

ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" აშენების ნაცვლად, რესტორან "ბუდაპეშტის" აღდგენას სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ისინი მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი "ბუდაპეშტი", ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად.
მისი თქმით, რესტორან "ბუდაპეშტის" მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. 

"სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გვქონდა და გვაქვს სასტუმროს აშენების უფლება, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, რადგან აქ მიმდინარეობს ისტორიული ძეგლის აღდგენა და ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ჩვენ ჩვენი მხრიდან გვინდა დავასრულოთ ეს ჭიდაობა. ჩვენ, საბოლოოდ, როდესაც საქართველოში კანონი იკანონებს, სასტუმროს ავაშენებთ, როდესაც კერძო საკუთრება ქვეყანაში დაცული იქნება და კერძო ბიზნესი და სახელმწიფო მოძებნის კომპრომისს,  სადაც მოხდება იმ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, თუნდაც ასე დავარქვათ, რომელიც აქ იყო,"- განაცხადა გოგა ზაქაიძემ.

ეს შეთავაზება კომპანიას მერიისგან ერთი წლის წინ ჰქონდა, თუმცა მაშინ ინვესტორმა უარი თქვა.

დღის ამბები