აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის გუნდი გაფიცვას გეგმავს. ტელევიზიის თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატის გაუქმება გადაწყვიტა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ არხის ახალი დირექტორი ამ გზით არასასურველი თანამშრომლების მოშორებასა და საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.
აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების წამყვანის, თეონა თურმანიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად, შესაძლოა, დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართონ.
"უკვე გავდივართ კონსულტაციებს, ვგეგმავთ გაფიცვის პროცედურის დაწყებას, თუმცა, ამას სჭირდება, როგორც ვიცით, რაღაც მოსამზადებელი პერიოდი. ვიწყებთ ამ პროცესს. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, არ ვიცი, ჩვენ ვისაუბრეთ ერთხელ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ალბათ, მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს დახმარების თხოვნით. მრჩეველთა საბჭოს წევრმა ქალბატონმა თამილა დოლიძემ გუშინდელ გადაცემაში თქვა, რომ ამ ადამიანებს წასვლა არ ემუქრებათ და რჩებიან რედაქტორებად. ვნახოთ, რა ხელშეკრულებას გაუფორმებენ, რას ჩაუწერენ, ჩვენი ნაბიჯები ამის შემდეგ გამოჩნდება,"- განაცხადა თეონა თურმანიძემ.
ტელევიზიის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის თქმით, არხის საინფორმაციო სამსახურის გუნდი ყველანაირად ეცდება საზოგადოებას დაანახოს ის საფრთხე, რის წინაშეც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა დგას.
"ჩვენ ვცდილობთ ყველა ხერხი გამოვიყენოთ, რათა მაუწყებლის მენეჯმენტს, მრჩეველთა საბჭოს ვუთხრათ ჩვენი მთავარი სათქმელი, რეალურად, კი საზოგადოებას დავანახოთ რა საფრთხის წინაშეა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისუფალი სიტყვა,"-განაცხადა თეონა ხარაბაძემ.
აჭარის საინფორმაციო სამსახურის გუნდი აქციებსაც აანონსებს. ისინი მრჩეველთა საბჭოს სხდომას ელოდებიან, რომელიც 19 თებერვალს უნდა გაიმართოს და რომელზეც უნდა დამტკიცდეს დოკუმენტი, რომელიც არხის სამომავლო პოლიტიკას განსაზღვრავს.