08 სექტემბერი 2026,   05:24
ვრცლად
არანაირ რისკს არ წარმოადგენენ - გონიოს მოსახლეობას, რომლებიც საკარანტინო ზონის გახსნას აპროტესტებდნენ, ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი შეხვდა

ხმაური იყო გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროსთან, სადაც საკარანტინო ზონაა მოწყობილი. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ დაუშვებელია საკარანტინო ზონა კურორტზე, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას გაკეთდეს და მის ქალაქგარეთ გადატანას ითხოვენ. მათივე თქმით, სასტუმროს შენობა, სადაც 30 ადამიანია მოთავსებული კარანტინისთვის შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სასტუმროში განთავსებულები იმ ქვეყნებიდან შემოვიდნენ, რომლებიც მაღალი რისკის ზონებს წარმოადგენენ. მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი შეხვდა.

ადგილობრივების განცხადებით, საკარანტინო ზონა მოსახლეობასთან ძალიან ახლოსაა განთავსებული, რაც მათი თქმით, საფრთხეს ქმნის:

"ვთქვათ დაუფიქსირდა 14 დღის განმავლობაში, ახლა კარანტინში არიან და არ სჭირთ არაფერი, მაგრამ რომ დაუფიქსირდეთ, მერე ჩვენ სად წავიდეთ? ნახეთ სახლი რა ახლოს არის, ერთ სახლში 3 ბავშვია, მეორეში 4," - აცხადებს ადგილობრივი მოსახლე.

კარანტინში მყოფი პირის თქმით, ისინი აზერბაიჯანიდან ჩამოიყვანეს და საკარანტინო ზონაში 30 ადამიანია განთავსებული. როგორც ის აცხადებს, ისინი კარგად გრძნობენ თავს და ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით,  მოსახლეობას აუხსნეს, რომ ეს ადამიანები საავადმყოფოს ნაცვლად, სასტუმროში განთავსებულ საკარანტინო ზონაში იმიტომ იმყოფებიან, რომ ისინი პაციენტებს არ წარმოადგენენ და მხოლოდ იზოლაციის ზონაში არიან.

"არანაირ რისკს არ წარმოადგენენ ირგვლივ მყოფი არც სახლებისთვის, არც ოჯახებისთვის და არც გარემოსთვის," - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

დღის ამბები