ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსთან დაკავშირებით პასუხებს ელოდებიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც. კლინიკიდან ამ ეტაპზე ექვსი პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელიც საფრანგეთიდან დაბრუნდა. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში განაგრძობენ. კლინიკაში მაღალი ტემპერატურით ძირითადად საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები შეყავთ.
დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლგიათა ცენტრ "ლჯ და კომპანიის" მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტებს სიმპტომების შესაბამისი დახმარება ეწევა და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:
"ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ უტარდებათ სიმპტომატიური დახმარება და ძირითადი დანიშნულება სრულდება. არცერთი დადებითი პასუხი კორონავირუსზე არ არის. რაც შეეხება მომართვიანობის სიხშირეს, ერთი და იგივე ტემპია," - განაცხადა თემურ ნადირაძემ.