თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული რიგით მეოთხე პაციენტის მდგომარეობა ისევ საყურადღებოდ რჩება. როგორც დღეს ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა 9 დადასტურებული შემთხვევიდან კლინიკური გამოვლინება მხოლოდ 2-ს აქვს, მათგან ერთს სერიოზული, ხოლო მეორეს მსუბუქი ფორმით, დანარჩენ 7-ს კი სიმპტომები არ აღენიშნება:
"ერთი პაციენტის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი იმიტომ, რომ პროგნოზულად მაინც სერიოზულია, დაავადება კარგად არის გამოვლენილი, მეორე პაციენტის მდგომარეობა შეგვიძლია შევაფასოთ როგორც მსუბუქი, გარკვეულწილად თუ ასე შენარჩუნდება, კარგი პროგნოზის მაჩვენებელი იქნება. დანარჩენი 7 პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, ანუ დადებითი ტესტირებით და კლინიკის გამოვლენის გარეშე. გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა, კვლევები და შესაბამისი შეფასება, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია დინამიკაში. ჯერჯერობით ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და კლინიკის გამოვლენა, მაგრამ პირველი 3 პაციენტი, რომელიც თითქმის ერთი კვირაა ჩვენთან წევს, მათთან სტაბილური სიტუაციაა. დანარჩენი 4 პაციენტი, რომელსაც კლინიკა არ აქვს, მათზე დავიწყებთ მეთვალყურეობას, როგორი სიტუაცია გვექნება. დიდი ალბათობით, ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, რადგან პაციენტების კვლევა და მართვა წარმოებს პროტოკოლის მიხედვით, რომელიც უკვე შემუშავებულია. სხვა ქრონიკული დაავადებები არ არის გამოხატული, ჯერჯერობით მხოლოდ ერთთან უნდა იყოს გამოხატული დაავადება, მაგრამ ამაზე არ მინდა ლაპარაკი ამ ეტაპზე,"- განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განცხადებით ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 25 პაციენტია, მათგან 9 ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 5 - რომელთა ანალიზის პასუხებსაც ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან. დანარჩენი 11 ადამიანიდან ნაწილი უკვე საკარანტინო ზონაში გადასაყვანადაა გამზადებული, ნაწილი კი მკურნალობას ინფექციურში აგრძელებს, რადგან მათ კორონავირუსი არა, მაგრამ სხვა ინფექცია აქვთ.