18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო პერიოდს გაივლის

საქართველოს საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვებიც კიდევ უფრო გამკაცრდება.

ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. სავალდებულო ხდება 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა დაწესდეს საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ გადაუდებელი შემთხვევების გარდა, საზღვრები არ გადაკვეთონ. თუ მაინც ისინი იმოგზაურებენ რისკის შემცველ ქვეყნებში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაექვემდებარონ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და ამის შემდეგ გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:

 
"მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა.   
 
სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:
 
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. 
 
საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) გავლით: 
 
- ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა;

ან,  უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც  გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ," - აღნიშნულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებში. 

 

დღის ამბები