კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციაა.
უკვე მე-13 დღეა სოსო ბერიკაშვილი თვითიზოლაციაშია, ამიტომ ოჯახის წევრები საკვებს საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან უტოვებენ და მიდიან.
13 დღის წინ, ის ირანიდან საქართველოში, ერთკვირიანი მივლინების დასრულების შემდეგ დაბრუნდა. მის მსგავსად კარანტინს კიდევ 14 პირი გადის, მათი ნაწილი თვითიზოლაციაშია. სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ისინი დადგენილ პროტოკოლს მკაცრად იცავენ, საცხოვრებელ სახლებს არ ტოვებენ და ადგილიდან მუშაობენ.
ქეთი გოლიაძე ევროტურიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ქვეყნების ჩამონათვალში იყო იტალიაც, ამიტომ, საკუთარი გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში იმყოფება. მოქალაქე ფიქრობს, რომ ასე საკუთარი თავის გარდა სხვა პირების ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. თვითიზოლაციის დროს ის, შვებულებით არ სარგებლობს და სახლიდან მუშაობს.
გასულ თვეს სასწავლო პროგრამით ბარსელონაში იმყოფებოდა მიშა როგავა, მასთან ერთად ჯგუფში რამდენიმე სტუდენტი იყო. ესპანეთი ამ დრომდე რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, მიუხედავად ამისა, გუნდის ყველა წევრი აღჭურვილი იყო პირბადით, ხელთათმანითა და ანტისეპტიკური ხსნარით. საქართველოს მოქალაქეების ჯგუფმა, მოგზაურობისა და აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნის დროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა რეკომენდაცია შეასრულა.
იძულებით შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო, კავკასიის უნივერსიტეტი ციფრულ რეჟიმზე გადასასვლელად ემზადება. საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესის სასწავლებელი ფორსმაჟორული მუშაობისთვის ემზადება. ონლაინ სწავლების საცდელი პირველი ლექცია უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანმა ჩაატარა.
იქიდან გამომდინარე, რომ ეპიდაფეთქება უკვე ევროპაშია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფრენები ირანის შემდეგ, იტალიის მიმართულებითაც შეწყდა. სანამ პრემიერ-მინისტრი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, "რუსთავი 2-ის" სახეებმა სოციალურ ქსელში კამპანია "მე გავაუქმე მოგზაურობა" დაიწყეს.
"კურიერისა" და გასართობი შოუების წამყვანებმა დაგეგმილი მოგზაურობები გადადეს. ერთ-ერთი ასეთი იყო სოფო გორდაძე, რომელსაც ავიაბილეთების გარდა, უკვე შეძენილი ჰქონდა შიდა გადაადგილებისა და მუზეუმის ბილეთები, დაჯავშნილი იყო სასტუმროც. ამ ფორმით მოქალაქეებმა COVID 19-ის გავრცელების ხელშეწყობაზე უარი თქვეს.
საქართველოში კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის დაფიქსირების შემდეგ, ადამინების ნაწილმა სრულად გაიზიარა სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ნაწილი კი, პოზიტიური განწყობის შექმნას ცდილობს.
ინტერნეტსივრცეში ათასობით ნახვა აქვს იმ ირანელი მოქალაქის ვიდეოკადრებს, რომელმაც ინფექციური საავადმყოფო ნებართვის გარეშე დატოვა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელში გავრცელებულ საკარანტინო სივრცეში მოქალაქეების მიერ შესრულებული დაისს.