18 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
საჭიროა მკაფიო რეკომენდაციები, ვინ გადადის ონლაინ და დისტანციურ მუშაობაზე და ვისი გამოცხადება არის აუცილებელი სამსახურში - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დისტანციური მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს. ომბუდსმენის თქმით, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, საზოგადოება სრულიად ახალ და უცხო მდგომარეობაში გადადის, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ეს არის როგორც ჩვენთვის, ასევე მსოფლიოსთვის სრულიად ახალი და უცხო მდგომარეობა, შესაბამისად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრი რამის რეგულირება განვითარებული მოვლენების პარალელურად მოხდება. 

ახლა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს სჭირდება მკაფიო რეკომენდაციები, როგორ ვაგრძელებთ საქმიანობას, როგორ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვინ გადადის ონლაინ და დისტანციურ მუშაობაზე და ვისი გამოცხადება არის აუცილებელი სამსახურში. ერთის მხრივ დასაცავია ყველა დასაქმებულის უსაფრთხოება, მეორეს მხრივ, სასიცოცხლო და აუცილებელი სერვისების მიმწოდებელმა უწყებებმა უნდა მიაწოდონ მოქალაქეებს შესაბამისი მომსახურება. 

სახალხო დამცველის აპარატში უკვე მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა. ჩვენ საკითხს ვუყურებთ, როგორც დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვის პერსპექტივიდან, ასევე ვითვალისწინებთ იმას, რომ მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ აუცილებელი მომსახურება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. 

მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთავრობასთან არსებულმა საბჭომ გამოსცეს რეკომენდაციები როგორც კერძო, ასევე საჯარო სფეროში დასაქმებული პირების სამუშაო რეჟიმის მიმართ, რათა მიდგომა იყოს ერთგვაროვანი და გამოირიცხოს თვითნებური და სუბიექტური გადაწყვეტილებები საჯარო თუ კერძო სექტორში," - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დღის ამბები