თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესება არ შეინიშნება.
"ამ პერიოდისთვის ჩვენთან წევს 46 პაციენტი. დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ შეგვმატებია. დღეს დილიდან აღებულ 11 პაციენტზე მიღებულია ტესტი უარყოფითი. ეს პაციენტები თანდათანობით დატოვებენ ჩვენს ცენტრს ზოგი საკარანტინო სივრცეში და ზოგი თვითიზოლაციაში გადასვლით. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დილიდან საღამომდე სტაბილურად რჩება, მათი არც ერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა," - განაცხადსა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთის ინფიცირების ზუსტი წყარო ცნობილი არაა:
"ჩემთვის როგორც ცნობილია, ჯერ შიდა გავრცელებაზე ლაპარაკი არ არის. ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, დანარჩენ შემთხვევებში ინფიცირების წყარო ან მოგზაურობის ისტორია არსებობს თითოეულ პაციენტზე, ან კონტაქტში მყოფი პაციენტები მოგზაურობის ისტორიაში მყოფ პაციენტებთან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ასეთი მკვეთრი წყარო არ არის ცნობილი," - აღნიშნა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი სულ 34 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, 33 კი მკურნალობას გადის. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.