მარნეულში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა მოსახლეობა შეზღუდვების მიუხედავად ქუჩებში მაინც გადაადგილდება. დღეისათვის უკვე გახსნილია საკარანტინო ზონა მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ერთ-ერთ სასტუმროში. ამავდროულად, ავერსის კლინიკა მულტიფუნქციურ კლინიკად გადაკეთდა. "ჯეო ჰოსპიტალის" თანამშრომელი მაღალი სიცხით თბილისში გადაიყვანეს, რომელსაც დაინფიცირებულ ქალბატონთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.
ადგილობრივი ჟურნალისტის ვლადიმერ ჩხიტუნიძის თქმით, მარნეულის მოსახლეობის ნაწილს ჯერ კიდევ არ სჯერა, რამდენად რეალურია კორონავირუსის გავრცელების საშიშროება.
"როგორც წესი, ამ დროს ბევრი ადამიანი არის ხოლმე გარეთ, აქ საზოგადოებას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქვს და უწევთ წავიდნენ მათ დასამუშავებლად. რაც შეეხება კონტროლს, ეს ეხება ქალაქსაც და სოფლებსაც. მოსახლეობა უკიდურეს შემთხვევაში გადის გარეთ," - განაცხადა ადგილობრივმა მარიამ ქველაძემ.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტიების განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც საკარანტინო რეგიონის ორი ქალაქის საკარანტინო ზონად გამოცხადებას გულისხმობს. ასეთი შემთხვევები კი, ძირითადად სოფლებშია. ასევე პრობლემაა, რომ მათ ინფორმაცია ქართულ ენაზე მიეწოდებათ, ქართული კი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის. სწორედ ამიტომ, მოსახლეობა ინფორმაციის სრულ ვაკუუმშია.
"როგორც ჩანს მხოლოდ ქალაქის ცენტრში არის წესები დაცული, მაგრამ სოფლებში საერთოდ არ არის მაგაზე საუბარი. ჩვენ, ადგილობრივი აქტივისტები ვცდილობთ აზერბაიჯანულად გავუზიაროთ ხალხს ინფორმაცია. ადგილობრივი თვითმმართველობიდან არავინ მისულა ხალხთან ინფორმაციის მისაწოდებლად. ამიტომ მოსახლეობა ერთმანეთთან დადის სტუმრად და არ იციან რომ ეს არ შეიძლება," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი სამირა ისმაილოვა
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე