ფოთის ჰოსპიტალში სენაკიდან მაღალი ცხელებით 84 წლის ქალი შეიყვანეს. პაციენტი 13 მარტს რუსეთიდან დაბრუნდა. სამი დღის წინ კი, მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, მას COVID-19- ის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აქვს, თუმცა შესაბამისი ანალიზები საბოლოო პასუხისათვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
"პაციენტი დაახლოებით 40 წუთის წინ შემოვიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სენაკის ბრიგადიდან, სენაკიდან, ფოთის ჰოსპიტალში. გამომდინარე მისი კლინიკური სიმპტომებიდან, ეს პიროვნება არის ასაკოვანი, 84 წლის, ჩამოიყვანეს მოსკოვიდან და დააბინავეს სენაკში. ეს იყო 13-ში, სამი დღის წინ მას დაეწყო სიმპტომები ცხელების სახით 38 გრადუსი და მეტი, დანარჩენი COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ არის გამოკვეთილი. შესაბამისად, გადმოყვანილ იქნა ფოთის ჰოსპიტალში. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, უკვე აღებულია საანალიზო მასალა კორონავირუსზე და იგზავნება ქუთაისში. დანარჩენი კვლევები, რაც არის საჭირო და შესაძლებელია ადგილზე, ეს მიმდინარეობს. როგორც ვარაუდობენ, არის საშუალო გამოხატული სიმძიმის მწვავე რესპირატორული დაავადება. კვლევის შემდეგ დადგინდება, გვაქვს თუ არა საქმე კორონავირუსთან," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.