18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ერთი სული აქვთ როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი - საპატრიარქოს პრესმდივნის თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება

საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეულ რეკომენდაციებს გამოსცემს ქვეყანაში არსებული საკარანტინო ზომების გათვალისწინებით, თუმცა ეს არ გასცდება სინოდის მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს. საპატრიარქოს პოზიციაზე დეკანოზმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"გარკვეული რეკომენდაციები იქნება, ეს რეკომენდაციები არ გაცდება ბოლო სინოდის გადაწყვეტილებას და მის ოქმში ასახულ რეკომენდაციებს, იქნება დაზუსტება ზოგიერთი დეტალისა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დაგვიდგა და რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია და გაამკაცრეს ზომები. ამ გადაწყვეტილების ერთგვარი გათვალისწინება იქნება შემდეგ ზომებში," - განაცხადა მამა ანდრიამ.

მისი თქმით, საბოლოო განცხადება დასაზუსტებელი და მღვდელმთავრებთან შესათანხმებელია, საბოლოო ჯამში კი ის პატრიარქმა უნდა მოიწონოს.

მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, წირვები რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება, ამავდროულად, არ შეიცვლება ზიარების წესი. დეკანოზი უახლოეს მომავალში სინოდის შეკრების საჭიროებას ვერ ხედავს.

მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საზოგადოების ნაწილში არსებული მოთხოვნა, საეკლესიო მსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ეკლესიის დიკრედიტაციას ემსახურება და არა ვირუსისგან დაცვას და ყველა ავტოკეფალური ეკლესია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

"რა სტატისტიკაც გვაქვს, ეს ძალიან ძნელია ზიარებას დაუკავშირო. ვერც ჩინეთში ვერც იტალიასა და ირანში ვერ ვიტყვით რომ ზიარების შედეგად გავრცელდა ეს. ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ ნებისმიერი საშუალება გამოიყენება ეკლესიის დისკრედიტაციისთვის. ჩვენი ეკლესია არის ავტოკეფაკლური, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერი საბაბით ბრძოლა გრძელდება. ერთი და იგივე ხალხი წუხს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა რუსეთის ეკლესიას, და რომ არ დაემთხვა. ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ, წინასწარ აანონსებენ, რომ დავირუსდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი,"- განაცხადა პრესმდივანმა.

მისი თქმით, ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს და რეაქცია სხვაგვარი იქნებოდა, ეს რომ ეკლესიის წევრის მიერ მომხდარიყო.

დღის ამბები