ნეიროქირურგი ირაკლი ჭელიშვილის თქმით, კორონავირუსის ქაოსური გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელსაც ექიმები იძლევიან, ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა". ირაკლი ჭელიშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულება გადამწყვეტია პაციენტების რაოდენობის რეგულირებისთვის, რათა არ მოხდეს ისე რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ კოლაფსი განიცადოს და ვეღარ შეძლოს ინფიცირებულების დიდი რაოდენობის მოვლა:
"რეკომენდაციები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, ეპიდემიოლოგების, უკვე გაგიჟდნენ, აღარ შეუძლიათ ამ ხალხს რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ და გვთხოვენ. უნდა შევასრულოთ აუცილებლად. გადამწყვეტია პაციენტების რაოდენობა, ასეთი რაოდენობის პაციენტებს მინიმალური დანაკარგებით ნამდვილად კარგად მართავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ თუ გადავცდებით ჩვენ შესაძლებლობებს, ელემენტარულად ადამიანი დაიღუპება იმიტომ, რომ აღარ იქნება რესურსი და ვეღარ მოვახერხებთ მოვლას და ის ადამიანი რომელიც შეიძლება გადარჩენილიყო, ვეღარ გადარჩება. ამის პრევენციას ერთადერთი იმით მოვახერხებთ თუ ელემენტარულ რაღაცას გავაკეთებთ, მესმის რომ არ უნდა ხალხს სახლში ჯდომა, ვიღაცას ეკლესიაში უნდა, ვიღაცას სხვა რამის კეთება, მაგრამ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური კონტაქტი გვქონდეს," - განაცხადა ირაკლი ჭელიშვილმა.
ნეიროქირურგის თქმით, კორონავირუსი მისი სფეროს მუშაობაზეც აისახა, რადგან მინიმუმამდე დავიდა გეგმიური ოპერაციები და მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციები კეთდება.
ირაკლი ჭელიშვილმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა პროფილის კლინიკებს და სხვა დარგის ექიმებსაც მოუწიოთ, თუმცა დიდი იმედი გამოთქვა რომ ეს საჭირო არ გახდება:
"ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, სხვა დარგის სპეციალისტების ჩართვა რეანიმაციის საქმეში მაინდამაინც კარგი არ არის, ეს ნიშნავს, რომ უკვე კატასტროფა გაქვს და სხვა გზა არაა. ფილტვის მართვა ადეკვატურად უნდა იცოდეს ადამიანმა, თანამედროვე მედიცინა არის ძალიან მაღალკვალიფიციური სამუშაო. ექთნის დონეზე ვიმუშაოთ? კი ბატონო, მზად ვართ, ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ მოდით რა, ვცადოთ არ გახდეს ეს საჭირო," - განაცხადა ირაკლი ჭელიშვილმა.
ექიმის თქმით, მას შეუძლებლად მიაჩნია, რომ იმ ხალხმრავლობაში, რომელიც უახლოეს დღეებში ტაძრებშია მოსალოდნელი, ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.
ირაკლი ჭელიშვილი, რომელიც ექიმთან ერთად მუსიკოსიცაა აცხადებს, რომ ამ შეზღუდვებში და სტრესულ გარემოში, რომელშიც ახლა ადამიანები იმყოფებიან, მუსიკა მნიშვნელოვანი განტვირთვის საშუალებაა, ასევე მისი თქმით, განტვირთვის კარგი საშუალებაა კულინარიაც.